BIAFF ზე შეხვედრამდე

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში გამოცდები თითქმის დავასრულე და მეტ-ნაკლები წარმატებით დავხურე მორიგი სემესტრი. აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ სად და როგორ გავატარო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. დრო არც ისე ბევრი მაქვს და მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ის. ამიტომ წინასწარ ვცდილობ დავგეგმო არდადაგები.

ივლისი და აგვისტო მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო თავი და ახალი პროფესიული გამოცდილება შევიძინო. ამ დრომდე არასოდეს მქონია შეხება ტელეჟურნალისტიკასთან, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ტელეკომპანია ტაბულაში სტაჟირების გავლას. სიუჟეტების დაგეგმა, რესპოდენტებთან ურთიერთობა, გადაღებებზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. მიყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ სფეროში რასთანაც შეხება არ მქონია. ვიმედოვნებ რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტის მომზადებას შევძლებთ მე და ნათია, გოგონა რომელიც ჩემი მეგზურია ამ ახალ ამპლუაში.

BIAFF

დასვენებას კი სექტემბერში ვაპირებ, პირველ ნახევარს დედაჩემთან სტუმრობას ვგეგმავ თუ ევროპული სავიზო ბიუროკრატია მარტივად მოვაგვარე. 14-21 სექტემბრის ჩათვლით კი ბათუმის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე წასვლა მსურს. ამ ფესტივალის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი ვარ და წელს უკვე მეხუთედ ვეგეგმავ დავესწრო კინოს ზეიმს ბათუმში.

BIAFF

რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევ ამ ფესტივალს.

  • მიყვარს საავტორო კინო. BIAFF კი ყოველწლიურად გვაძლევს საშუალებას ქართველ კინომოყვარულებს საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრები ვიხილოთ.
  • გვეძლევა საშუალება დავესწროთ ევროპული, აზიური და ქართული კინოს ტოპ რეჟისორების მასტერკლასებს. რომელთა ვინაობაც ყოველწლიურად ერთგვარი სიურპრიზია ხოლმე. გვქონდეს თანამედროვე კინოს ლეგენდებთან უშუალო გარემოში კომუნიკაციის საშუალება. ბათუმის კინოფესტივალი კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ამისთვის.
  • სექტემბრის მეორე ნახევარი, პერიოდი როდესაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იმართება, ხავერდოვანი სეზონის მზიანი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ის კინომოყვარულებიც რომლებიც დღის პირველ ნახევარს ზღვაზე ატარებენ იშვიათად უჩივიან ამინდებს. საღამოს კი თავს ფილმების ყურებით იქცევენ. რაც მთავარია ფილმებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ მაყურებლებს. კინოთეატრ აპოლოში შეზღუდული რაოდენობის ადგილებიდან გამომდინარე კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა ამისთვის საჭირო.

BIAFF

  • ღია კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა, ბათუმის კინოფესტივალის დამატებითი ხიბლია, რომელიც წინა წელს ფესტივალის პოლონელი პარტნიორების დახმარებით შეემატა BIAFF ს და ვიმედოვნებ წელსაც გვექნება ფილმების ამგვარ გარემოში ყურების საშუალება.
  • ფესტივალზე მუშაობა ბლოგერებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. ფესტივალის მენეჯმენტი აქტიურად უწყობს ხელს ინტერნეტ მედიაში ფესტივალის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვის კი ყოველწლიურად ბლოგერებისთვის წამახალისებელი კონკურსი იმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბლოგერებს მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ 25 აგვისტომდე დარეგისტრირდეთ. http://bit.ly/1jrcmOC

BIAFF

ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მოხარული ვარ რომ ამ ზრდის პროცესს ვადევნებ თვალს.

გირჩევთ კინომოყვარულებს თქვენი შვებულების პერიოდიც დაამთხვიოთ ბათუმის კინოფესტივალს. წინ ნამდვილად დაუვიწყარი ერთი კვირა გელით.

პატივი კატალონიას

ყველა წიგნი თავის ამბავს ყვება, ზოგი ამბავი მნიშვნელოვანია, ზოგიც ნაკლებად. მთავარი, რასაც  კითხვისას ყურადღებას ვაქცევ, მწერლის თხრობის მანერაა. თემა თუ რის შესახებაა წიგნი და თავად ავტორი. გასაგებია თუ არა ჩემთვის მწერლის მიერ პირველ 10 გვერდში მოთხრობილი ამბავი, ღირს თუ არა დარჩენილი დროის დახარჯვა წიგნისათვის რომელიც შესაძლოა საეტაპო მნიშვნელობის იყოს, მისი არ წაკითხვა სირცხვილად მიაჩნდეთ სხვა ადამიანებს. მაგრამ მე, ციფრულ ეპოქაში მცხოვრებ ახალგაზრდას დიდად აღარც მომეთხოვებოდეს. მე ხომ ლიტერატურის მკვლევარი არ ვარ, მკითხველი ვარ და ისედაც ყოველდღიურად ნებსით თუ უნებლიედ  მედიის სხვადასხვა საშუალებებით მომეწოდება ის ინფორმაცია, რაც ათწლეულებისა და ასწლეულების წინ ადამიანებს მხოლოდ წიგნებიდან შეეძლოთ ამოეკითხათ.

Image

მკითხველი ვარ და კოლექციონერიც. მიყვარს ახალი გამოცემები. მერე რა,  მათ წასაკითხად დროს იშვიათად თუ გამოვნახავ ხოლმე. სტუდენტი ვარ, დასაქმებული სტუდენტი. მხატვრული ლიტერატურისათვის სახლიდან უნივერსიტეტამდე მგზავრობისას, ან სამსახურიდან შინ დაბრუნებისას გზაში თუ ვიცლი ხოლმე. ისიც ძალიან უნდა გამიტაცოს, თორემ წასაკითხ სასწავლო მასალას რა დალევს. ბოლო ბოლო ნიშნებს გიწერენ ამისათვის და მთავარი ფულს ვიხდი სწავლაში. ფულს  წიგნებშიც ვიხდი. რომელსაც ხშირ შემთხვევაში თვეების შემდეგ თუ ჩამოვიღებ ხოლმე თაროდან. ფულს კი იმაში ვიხდი, რომ გამომცემლობებმა სხვა ახალი წიგნები თარგმნონ და დაბეჭდონ. მგონია რომ სასარგებლო კოლექციონერი ვარ, თუ კარგი მკითხველი არა.

Image

წიგნში მთავრი მოთხრობილი ამბავიათქო ვახსენე, ყურადღებას ვაქცევ თუ რამდენად მაწუხებს მასში გადმოცემული ამბავი. რამდენად მსურს ახალი ინფორმაციის მიღება, მის შესახებ. მნიშვნელოვანია პერსონაჟებიც, გავაიგივებ თუ არა მათ ჩემს პიროვნებასთან  და საერთოდაც ჩამითრევენ თუ არა ისინი ლიტერატურულ თამაშში. არ ვიცი სხვები როგორ იქცევიან, მაგრამ მე, ერთ პერსონაჟს ვირჩევ, რომელთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, რის შემდეგაც  უფრო სახალისო ხდება კითხვის პროცესი.

Image

ომში არასოდეს ვყოფილვარ. გადმოცემით ვიცი რამდენიმე ომის ამბავი, ბევრი ომიც ტელევიზიით მინახავს. ყოველთვის საინტერესოა პირველ პირში მოთხრობილი ომის ამბები. დაკვირვებული ვარ ყოველთვის განსხვავდება ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამოკითხულისა და ტელეეკრანზე ნანახი ამბებისგან.  ამიტომ განსაკუთრებულად საინტერესო იყო ბოლო წიგნი, რომელსაც დატვირთული სასწავლო სემესტრის მიუხედავად, სახლიდან უნივერსიტეტში მიმავალ გზაზე და ლექციებს შორის არსებულ შუალედების დროს ვკითხულობდი, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. ჯორჯ ორუელს აქამდე მისი ფანტასტიკური ჟანრის უტოპიური რომანის „1984“ მეშვეობით ვიცნობდი. თუმცა წიგნმა რომელიც 2013 წელს პალიტრა L მა გამოსცა იგი სულ სხვა რაკურსიდან დამანახა.  ახალგაზრდა ინგლისელ ბიჭად, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ ესპანეთში ჩავიდა და ფრანკოს არმიას ებრძოდა.

ჯორჯ ორუელის ამ წიგნს ერთი უცნაურობა ახასიათებს, იგი ომის კოშმარული პერიპეტიების გავლით  მწერლისთვის თითქმის შეუძლებელ ზღვარს გადალახავს და შესაძლებელს ხდის მკითხველს დაანახოს, გაუსაძლის პირობებში, ტალახში, სიცივეში, სიბინძურეში, შიმშილსა და სისასტიკეში როგორ შეიძლება გადარჩე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გადარჩე პიროვნებად და ღირსება შეინარჩუნო.

ჯორჯ ორუელი წიგნში „პატივი კატალონიას“ მკითხველის წინაშე აშიშვლებს  ომის  აბსურდს,  იდეოლოგიების ბრძოლას, პარტიების ბრძოლას, კლასების ბრძოლას. გვიჩვენებს თუ რა ფასი აქვს ბრძოლას  თავისუფლებისათვის, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს, არა მხოლოდ ომის პირობებში. რომლის მისაღწევად ყოველდღიურად უნდა ვიბრძოდეთ. ვიბრძოლოთ პირველ რიგში პიროვნული თავისუფლების მისაღწევად, რომელიც შემდგომში ქვეყნის თავისუფლებასაც მოიაზრებს. ქვეყანა ხომ ადამიანების ერთობაა, თავისუფალ ადამიანთა ერთობაში კი დიქტატურა ვერ დაისადგურებს.  რაც შემდგომში თავიდან აგვაცილებს ფრანკოს, მუსოლინის, ჰიტლერის, სტალინის მსგავს დიქტატორებს  და რევოლუციებისა და ომების ბარიკადებზე დგომაც ნაკლებად მოგვიწევს.


გირჩევთ თქვენი თავისუფალი დრო, ესპანეთის სამოქალაქო ომის ამ ამბის კითხვას დაუთმოთ.  დიდი გმირობების შემსწრენი გახდებით.

ილია მეორის სიტყვა პანორთოდოქსულ შეკრებაზე

პატრიარქის სიტყვა მსოფლიო პანორთოდოქსული კრების მოსამზადებელ შეხვედრაზე

new ქუთაისი

უწმინდესმა მწუხარება გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში კუთვნილი ადგილი არ უკავია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ასევე, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათთვის ლოცულობენ, რათა ამ ქვეყნებში მშვიდობამ დაისადგუროს.

საქართველოს საპატრიარქო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე უწმინდესის მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებსა და წარმომადგენლებს და აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც მან უნდა განიხილოს საკითხები, რომელიც მომავალი დიდი კრების წარმატებით ჩატარების წინაპირობად უნდა იქცეს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის შიში, რომელიც არსებობს მრევლის დიდ ნაწილში ამ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით და მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის მომზადებას. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა მწვალებლობისაგან ეკლესიის დაცვის და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. ეს კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის.

დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია…

View original post 277 more words

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!”

BATUMI Calling – დღე პირველი

არც ერთი დღე ჩანაწერების გარეშე! ამ შემართებით შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ბლოგზე დღიური მსურს ვაწარმოო. მოვყვე დღის შთაბეჭდილებები და გაგიზიაროთ ყოველდღიური  ემოციები. არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ან რამდენად გავართმევ თავს ამ ამოცანას ბოლომდე, მაგრამ ვეცდები გულწრფელი ვიყო წერისას და შემდგომი ერთი თვე ნაკლებად ვიზარმაცო. მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის, ჩემთვის. წერას, თუ გსურს საინტერესო იყოს შენი ნაწერი, ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება და მეც მსურს ასეთი სავარჯიშო დავუსახო ჩემს თავს.

უკვე მეორე უიკენდია ბათუმში საერთაშორისო  მუსიკალური ფესტივალი Batumi Calling მიმდინარეობს.  ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში და ცნობილი მუსიკალური ფესტივალის World Of Guitar ქართული ანალოგია. ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს, გასულ კვირას ფესტივალის სტუმრებს დიმიტრი ილარიონოვის მოსმენის საშუალება ჰქონდათ.  13 ოქტომბერს კი გრემის ოთხგზის ნომინანტის მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო გიტარისტის სტენლი ჯორდანის კონცერტია დაგეგმილი.

გასულ კვირას მუხრანში, შატო მუხრანის ღვინის ქარანაში ვიყავი, ღვინის ტურზე და სურვილის  მიუხედავად ვერ მოვახერხე დასწრება დიმიტრი ილარიონოვის კონცერტზე. ამჯერად გადავწყვიტე, ბათუმში გამეტარებინა შაბათ-კვირა. შემოდგომის ბათუმი, თავისი სიმყუდროვითა და სილამაზით განსაკუთრებულად მიყვარს. ზაფხულის ქაოსის შემდეგ, იდეალური გარემოა განტვირთვისთვის. თუ გსურს ნამდვილი ბათუმი იხილო, წელიწადის ამ დროს უნდა ესტუმრო ამ ქალაქს.  ფესტივალები და სხვა ღონისძიებები დამატებითი მოტივაციაა.  რატომაც არა, ვიყიდე მატარებლის ბილეთები და 3 კვირის შემდეგ(ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს ვესწრებოდი, რომელიც ყოველწლიურად სექტებრის მეორე-მესამე კვირას ერთი კვირის  განმავლობაში იმართება ხოლმე) კვლავ ვეწვიე ბათუმს.

batumi

საღამოს 8 საათისთვის ბენზეში(ბათუმის ერთ-რთი უბანი) მდებარე ხელოვნების ცენტრში ვიყავით, სადაც ფესტივალის მეორე შაბათი კვირის პირველი საღამო ადგილობრივი ჯგუფების კონცერტს ეთმობოდა.  Line Up იდან მხოლოდ მეგი გოგიტიძისთვის მქონდა ცოცხლად მოსმენილი, თუმცა მისი განახლებული რეპერტუარი უცხო იყო ჩემთვის.

ფესტივალი ქართული ბენდის ASEA SOOL ის კონცერტით გაიხსნა. ASEA SOOL ქართველი მსმენელისთვის შესაძლოა უცხო ბენდი იყოს, ეს დუეტი უკვე სამი წელია უკრაინაში მოღვაწეობს. დუეტი საკმაოდ საინტერესო მუსიკალურ იმპროვიზაციებს მიმართავს. მათ მაყურებლის, რომელიც სამწუხაროდ მცირე რაოდენობით ესწრებოდა კონცერტს, აყოლიება პირველივე სიმღერიდან შეძლეს და კონცერტის ბოლოს ფეხზე ამდგარი მხურვალე აპლოდისმენტებით აცილებდნენ დარბაზიდან.  განსაკუთრებული შთაბეჭდილება გია დანელიას კინოფილმ მიმინოს საუნდტრეკ კაიას მოტივებზე შესრულებული სიმღერა იყო.

შემდეგი გამომსვლელი ბათუმური ჯგუფი POST-ottO  გახლდათ. ჯგუფი ფსიქოდელიურ როკს უკრავს.  ისინი ამ შემადგენლობით პირველად წარსდგნენ მსმენელის წინაშე, სახელი POST-ottO  ჯგუფის წინა შემადგენლობის გარდაცვლილი სოლისტის საპატივცემულოდ აიღეს, და რამდენიმე სიმღერაც მას ეძღვნებოდა. ჯგუფის გამოსვლას სევდიანი ფონი ახლდა თან.  საკმაოდ ნიჭიერი ინსტრუმენტალისტები აღმოჩნდნენ, თუმცა მათ შესრულებას ქალის ვოკალი ჩემი აზრით არ უხდებოდა. ახალი სოლისტიც დიდი სცენისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად.

MAGGIE N’ Guys

კონცერტის ფინალი მეგი გოგიტიძის ახალი ბენდის MAGGIE N’ Guys კონცერტი იყო. მეგისთვის აქამდეც მქონდა მოსმენილი,  ვთვლიდი, რომ კარგი ბენდის და რეპერტუარის სწორად შერჩევის შემთხვევაში გამორჩეულ ადგილის დაკავებას შეძლებდა ქართულ სცენაზე. ამიტომ ორმაგად მაინტერესებდა ახალი რეპერტუარი და ბენდი. შედეგი მოლოდინზე მეტი აღმოჩნდა, საოცარი ტანდემი შედგა, სცენაზე უკვე შემდგარი მომღერალი იდგა.  მართალია ჯერ კიდევ ინდივიდუალიზმზე სამუშაო აქვს, შესამჩნევლად იგრძნობა ნინო ქათამაძის გავლენა მის შესრულების მანერაში, მაგრამ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი ის მომღერალია ვის კონცერტზეც დიდი სიამოვნებით ვივლი შემდგომში და შევიძენ ალბომს. რეპერტუარიდან განსაკუთრებით რამდენიმე სიმღერა მომეწონა, ერთ-ერთ მათგანს Youtube ზეც მივაგენი.