ჯეკი

ჯეკი

***

ლიზამ იცოდა რომ ქალი იყო და ქალობდა კიდეც, აი ეს ჯეკი თავადაც ვერ გაეგო ვინ იყო, გამჭვირვალე უფერო არსება რომელიც სულ თან დასდევდა.  ჯეკიც მის მიერ მოფიქრებული სახელი იყო.  დეიდა ლიზამ სოხუმიდან რომ წამოიღო, იმ თოჯინას ერქვა, ჯეკი. ერთადერთი მოგონება  ქალაქის და მახსოვრობა დაბადების ადგილის. ლიზას სოხუმი სიზმარშიც არ ენახა. მხოლოდ იცოდა რომ ჯეკი იყო სოხუმიდან.  თოჯინა, კაცმა არ იცის ომს გამოქცეულებმა თითო ხელი ტანსაცმელი ძლივს  რომ წამოიღეს თან რატომ ატარეს ამხელა გზაზე. ხო და მნიშვნელოვანი იყო. გარდაცვლილი დეიდის ერთადერთი სახსოვარი, თან როგორი.

25 წლის გოგოს, ასე უცხომ და თანაც  გამჭვირვალემ რომ დაუწყო დევნა ჯეკი დაარქვა. სახელი ხომ უნდა რქმეოდა. თავად ხმას არ იღებდა, მხოლოდ დაჰყვებოდა. ჯეკიც სულ თან დაჰქონდა, დიდთავა თმახუჭუჭა საბჭოთა სათამაშო. ამ უფერო ჯეკს კი ვერ გაიგებდი დაჰყვებოდა თუ დაჰქონდა, თან მარტო ლიზა ხედავდა, რამდენჯერმე მეგობრებთან წამოსცდა, გაიცანით ჯეკიო და მწარედ დაიცინა. ლიზა მიხვდა რომ ჯეკი მისი ტვირთი იყო.  მოულოდნელად გამოჩნდებოდა და მოულოდნელადვე ქრებოდა. ჯეკიც ასე იყო ხან ლოგინის ქვეშ, ხან კარადაში, ხანაც მაცივარში იმალებოდა.

ოოო დიდი ისტორიები ტრიალდებოდა ჯეკი როდესაც დაიკარგებოდა ხოლმე. პირს რომ დააღებდა და ტირილს მორთავდა. ვიღა გააჩერებდა. ჯეკი უნდოდა, ჯეკი კი იმალებოდა.  ბებია ჟუჟა დიდ სამძებრო ოპერაციას იწყებდა ხოლმე. გადააქოთებდნენ სახლს და ვოალა, აი ისიც ჯეკი მაცივარშია.

ჯეკი პირველად გეგეშიძის ბაღში დაინახა.  დიდი შავი და ბრიალა თვალები ქონდა. ტანზე რა ეცვა ვერ გაიგებდი, არც ის ეტყობოდა ქალი იყო თუ კაცი. ტანად იმდენად პატარა იყო ჯუჯა გეგონებოდა. თან ჯუჯასაც არ გავდა. ლიზას ჯუჯები ცირკში ჰყავდა ნანახი, ეს კიდევ არ ჰგავდა იმ ცირკის ჯუჯას.  ჯეკი იყო რა, იმ თოჯინას ჰგავდა.

ლიზას ეშინოდა, აბა როგორი საქმეა ჭინკასავით არსება რომ დაგსდევს თან. ფიქრობდა მანიაკიაო.  მანიაკები ბოროტები არიან, ჯეკი კი ბოროტს არ ჰგავდა, ჯეკს ჰგავდა. თან მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას განსაკუთრებულად ეშინოდა.  მოვიდოდა მის წინ დადგებოდა და დიდი შავი თვალებით უყურებდა. ლიზას შიში სულ უფრო მეტად იპყრობდა.  თან რა ექნა არც ის იცოდა: ეყვირა, ეწივლა, რას უშველიდა. ჯეკის სხვები ვერ ხედავდნენ.  ჯეკი ლიზას ტვირთი იყო. აეკიდებოდა ასე სამი ოთხი დღით და მერე უჩინარდებოდა.

თავიდან შოზოფრენიას აბრალებდა, ლიზას ამბავი აშინებდა. ლიზა ქალობდა, რა დროს შიზოფრენია იყო.  დღე-დღეზე თეთრ ჰამერზე შემომჯდარ პრინცის გამოჩენას ელოდა. ბედს რომ სწეოდა. აი ისე მისი დაქალები რომ დათხოვდნენ. ჰამერი არც ერთის ქმარს არ ჰყავდა მაგრამ ქმრები ხომ იყვნენ.  ლიზასაც უნდოდა ქმარი. მაგრამ რომელ ქმარს ენდომებოდა ლიზა რომელსაც ჯეკი დაჰყვება თან. „-დროულად უნდა წავიდე ექიმთან“ ფიქრობდა ლიზა.  მაგრამ რა უნდა თქვას.  ჭინკა დამსდევს და დიდი შავი თვალები აქვსო. ლიზა ეგ ქალი არ იყო თავი სამსახარაოდ გაეხადა.   მწარედ ახსოვდა დაქალების ხურხუციც. ჯეკი რომ გააცნო ვითომ.  მერე კი თავს იმართლებდა, ვიხუმრე გოგოებოო.

ლიზამ გადაწყვიტა ჯეკს დალაპარაკებდა. თავი რომ დაენებებინა. ან ის მაინც გაეგო რისთვის დაჰყვებოდა თან. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ იყო. ჯეკი მხლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას ეშინოდა.  ლიზას ყოველთვის არ ეშინოდა.  თან იმასაც ვერ ხვდებოდა ჯეკი როდის ჩნდებოდა ხოლმე. დიდი საფიქრალი ჰქონდა ლიზას.  არა და ბუწიკებში სეილებია, იქ რომ დაეჩითოს. ან კიდევ უარესი კლუბში ტუსაობისას.

ლიზა ჯეკის რომ ხედავდა ცივი ოფლი ასხამდა, შიში უძლიერდებოდა, ჯეკი მოვიდოდა ჩახედავდა თვალებში, მერე უკან დაუდგებოდა და ასე აედევნებოდა ხოლმე. ბოშა ბავშვივით, რუსთაველზე რომ დასდევენ უცხოელ ტურისტებს.  ორი სამი დღის მერე კი ეჩვეოდა კიდეც, აღარც ეშინოდა. მერე ჯეკიც  ქრებოდა, აკლდა კიდეც ცოტა ხნით  უჯეკობა. ლიზა როგორც კი მარტო დარჩებოდა ლაპარაკს უწყებდა. მაგრამ ჯეკი ხმას არ იღებდა. მხოლოდ დიდი ბრიალა შავი თვალებით უყურებდა. 

ასე მეორე თუ მესამე გამოჩენისას გადაწყვიტა რომ სახელი დაერქმია. ღამე მარტო რომ დარჩა საუბარი დაუწყო:

-იცი მე თოჯინა მყავდა ჯეკი, იმას გავხარ. ჯეკი რომ დაგიძახო შეიძლება?

– ლაპარაკი იცი ?

– რატომ დამსდევ?

-მარტო მე გხედავ ხომ?

-ის ხარ შენ რა ქვია იმას ჟუჟა რომ ზღაპრებში მიკითხავდა. ხო ხო ჭინკა.

-ფრჩხილები უნდა დაგაჭრა თუ როგორ იყო ეგ ?

-აუუუუ

ლიზას ჯეკი გაახსენდა,  მისი ბავშვობის სათამაშო და დეიდის ერთადერთი სახსოვარი.  ნეტავ სად შეიძლება ყოფილიყო. ის დიდთავა სათამაშო. ამერიკულ საშინელებათა ფილმების პერსონაჟს რომ ჰყგავდა. ბავშვობისას ისე ძლიერ უყვარდა გვერდიდან არ იცილებდა ახლა ისიც არ იცოდა სად შეძლება, რომ მოეძებნა. ჟუჟა შეინახავდა მანსარდაში. მაგან იცოდა ძველმანების ერთ სკივრში შენახვა. ლიზამ გადაწყვიტა დილა რომ გათენდებოდა მანსარდაში ასულიყო. ჯეკი უნდა ენახა.

ლიზა გათენებას აღარ დაელოდა, ჯეკისაც უთხრა წამოდიო. მანსარდაში ჩუმად ავიდა სხვებს რომ არ გაეგოთ. სკივრის ძებნა დაიწყო. მალევე მიაგნო, დიდ ძველმანების ყუთს. ათასი რამ იყო სკივრში. ძირითადად ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი კაბები. ბიჟუტერია. ვერცხლის სამკაულები, ჟუჟას ქალიშვილობის ან შეიძლება იმისი ბებიის ქალიშვილობის მზითევიც. სურათების ალბომი და ჯეკი. აი ის დიდთავა თოჯინა. ლიზა 25 წლის ასაკშიც ბავშვურად რომ კიდევ გაახარა მისმა გამოჩენამ. თან ეს ჯეკიც დაჟინებით უბრიალებდა თვალებს. გვერდიდან არ სცილდებოდა. ლიზამ სურათების ალბომების თვალიერება დაიწყო.  ალბომში ფოტო იყო. მანამდე არასოდეს ენახა. ფოტო სოხუმში იყო გადაღებული. ფოტოზე ლიზა იყო, ჯეკი ეჭირა ხელში, გვერდით გასაბერი კურდღელი და კიდევ ვიღაც გოგონა, რომლის სახე უფროსებს ამოეჭრათ.

***

ლიზას იმ ღამეს ესიზმრა:

თოლიების ხმა, მაგნონიების სურნელი, ზღვის შრიალი, ვერტმფრენების გრუხუნი,  ომით გადამწვარი ქალაქი  და ჯეკი, მისი და რომელიც ნაღმზე აფეთქდა.

 

Advertisements