BATUMI Calling – დღე პირველი

არც ერთი დღე ჩანაწერების გარეშე! ამ შემართებით შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ბლოგზე დღიური მსურს ვაწარმოო. მოვყვე დღის შთაბეჭდილებები და გაგიზიაროთ ყოველდღიური  ემოციები. არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ან რამდენად გავართმევ თავს ამ ამოცანას ბოლომდე, მაგრამ ვეცდები გულწრფელი ვიყო წერისას და შემდგომი ერთი თვე ნაკლებად ვიზარმაცო. მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის, ჩემთვის. წერას, თუ გსურს საინტერესო იყოს შენი ნაწერი, ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება და მეც მსურს ასეთი სავარჯიშო დავუსახო ჩემს თავს.

უკვე მეორე უიკენდია ბათუმში საერთაშორისო  მუსიკალური ფესტივალი Batumi Calling მიმდინარეობს.  ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში და ცნობილი მუსიკალური ფესტივალის World Of Guitar ქართული ანალოგია. ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს, გასულ კვირას ფესტივალის სტუმრებს დიმიტრი ილარიონოვის მოსმენის საშუალება ჰქონდათ.  13 ოქტომბერს კი გრემის ოთხგზის ნომინანტის მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო გიტარისტის სტენლი ჯორდანის კონცერტია დაგეგმილი.

გასულ კვირას მუხრანში, შატო მუხრანის ღვინის ქარანაში ვიყავი, ღვინის ტურზე და სურვილის  მიუხედავად ვერ მოვახერხე დასწრება დიმიტრი ილარიონოვის კონცერტზე. ამჯერად გადავწყვიტე, ბათუმში გამეტარებინა შაბათ-კვირა. შემოდგომის ბათუმი, თავისი სიმყუდროვითა და სილამაზით განსაკუთრებულად მიყვარს. ზაფხულის ქაოსის შემდეგ, იდეალური გარემოა განტვირთვისთვის. თუ გსურს ნამდვილი ბათუმი იხილო, წელიწადის ამ დროს უნდა ესტუმრო ამ ქალაქს.  ფესტივალები და სხვა ღონისძიებები დამატებითი მოტივაციაა.  რატომაც არა, ვიყიდე მატარებლის ბილეთები და 3 კვირის შემდეგ(ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს ვესწრებოდი, რომელიც ყოველწლიურად სექტებრის მეორე-მესამე კვირას ერთი კვირის  განმავლობაში იმართება ხოლმე) კვლავ ვეწვიე ბათუმს.

batumi

საღამოს 8 საათისთვის ბენზეში(ბათუმის ერთ-რთი უბანი) მდებარე ხელოვნების ცენტრში ვიყავით, სადაც ფესტივალის მეორე შაბათი კვირის პირველი საღამო ადგილობრივი ჯგუფების კონცერტს ეთმობოდა.  Line Up იდან მხოლოდ მეგი გოგიტიძისთვის მქონდა ცოცხლად მოსმენილი, თუმცა მისი განახლებული რეპერტუარი უცხო იყო ჩემთვის.

ფესტივალი ქართული ბენდის ASEA SOOL ის კონცერტით გაიხსნა. ASEA SOOL ქართველი მსმენელისთვის შესაძლოა უცხო ბენდი იყოს, ეს დუეტი უკვე სამი წელია უკრაინაში მოღვაწეობს. დუეტი საკმაოდ საინტერესო მუსიკალურ იმპროვიზაციებს მიმართავს. მათ მაყურებლის, რომელიც სამწუხაროდ მცირე რაოდენობით ესწრებოდა კონცერტს, აყოლიება პირველივე სიმღერიდან შეძლეს და კონცერტის ბოლოს ფეხზე ამდგარი მხურვალე აპლოდისმენტებით აცილებდნენ დარბაზიდან.  განსაკუთრებული შთაბეჭდილება გია დანელიას კინოფილმ მიმინოს საუნდტრეკ კაიას მოტივებზე შესრულებული სიმღერა იყო.

შემდეგი გამომსვლელი ბათუმური ჯგუფი POST-ottO  გახლდათ. ჯგუფი ფსიქოდელიურ როკს უკრავს.  ისინი ამ შემადგენლობით პირველად წარსდგნენ მსმენელის წინაშე, სახელი POST-ottO  ჯგუფის წინა შემადგენლობის გარდაცვლილი სოლისტის საპატივცემულოდ აიღეს, და რამდენიმე სიმღერაც მას ეძღვნებოდა. ჯგუფის გამოსვლას სევდიანი ფონი ახლდა თან.  საკმაოდ ნიჭიერი ინსტრუმენტალისტები აღმოჩნდნენ, თუმცა მათ შესრულებას ქალის ვოკალი ჩემი აზრით არ უხდებოდა. ახალი სოლისტიც დიდი სცენისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად.

MAGGIE N’ Guys

კონცერტის ფინალი მეგი გოგიტიძის ახალი ბენდის MAGGIE N’ Guys კონცერტი იყო. მეგისთვის აქამდეც მქონდა მოსმენილი,  ვთვლიდი, რომ კარგი ბენდის და რეპერტუარის სწორად შერჩევის შემთხვევაში გამორჩეულ ადგილის დაკავებას შეძლებდა ქართულ სცენაზე. ამიტომ ორმაგად მაინტერესებდა ახალი რეპერტუარი და ბენდი. შედეგი მოლოდინზე მეტი აღმოჩნდა, საოცარი ტანდემი შედგა, სცენაზე უკვე შემდგარი მომღერალი იდგა.  მართალია ჯერ კიდევ ინდივიდუალიზმზე სამუშაო აქვს, შესამჩნევლად იგრძნობა ნინო ქათამაძის გავლენა მის შესრულების მანერაში, მაგრამ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი ის მომღერალია ვის კონცერტზეც დიდი სიამოვნებით ვივლი შემდგომში და შევიძენ ალბომს. რეპერტუარიდან განსაკუთრებით რამდენიმე სიმღერა მომეწონა, ერთ-ერთ მათგანს Youtube ზეც მივაგენი.

Advertisements