ოცნების ბოლო ჟამი

საქართველოს მთავრობის ძალის დემონსტრირების უსუსური მცდელობა ტრაგიკომიკულ სურათად იქცა. 

ტრიბუნაზე შემდგარი კაცუნები უსიცოცხლო გამოსვლებში შეკრებილ საზოგადოებას არწმუნებდნენ: დედა დედაა, მამა მამა. გლობალური ომის პარტია ბატონი ბიძინას მეცადინეობით ქართველობას ვეღარ წაგვართმევს. დასავლეთის ლიდერებს ჩვენი ომში ჩართვა სურთ. ბიძინა მშვიდობის მტრედია. 

მეტი დამაჯერობლობისთვის, შეკრებილი საზოგადოებისთვის უცხო სიტყვებსაც იმეორებდნენ. სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ. ენჯეოები აგენტები არიან. “ლგბტ პროპაგანდა” უნდა ავკძალოთ. 

სოფლებიდან ჩამოყვანილი სოციალურად დაუცველებისა და სამსახურის დაკარგვით დაშინებული საჯარო მოხელეების არმია ვერც იმდენად ხალხმრავალი აღმოჩნდა. ბელადის სიტყვით გამოსვლისას ვიზუალური ეფექტისთვის შუქის ჩაქრობა არ გამხდარიყო საჭირო. სიყალბის თეატრში, ტაშიც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებიდან ისმოდა.  

ბოდვა, როგორც პოლიტტექნოლოგია დიქტატორული რეჟიმების იარაღია. სწორედ ბოდვისას აჟღერებენ მათ რეალურ ზრახვებს ავტოკრატი ლიდერები. ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ ბოდვებს, ვორგანიზდეთ წინააღმდეგობისთვის. დემოკრატიის ნიღაბმოხსნილი ივანიშვილი სწორედ ამგვარი პერფორმანსით წარსდგა 29 აპრილს აუდიტორიის წინაშე. 

მისი მთავარი გზავნილები იყო: 

დასავლეთი მტერია!

აგვისტოს ომი დასავლეთის ლიდერების წაქეზებით მოხდა!

გლობალური ომის პარტია მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებს!

დედა დედაა! მამა მამა! 

ვარდების რევოლუცია საქართველოსთვის ტრაგიკული მოვლენა იყო! 

ბრიყვებს, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება დაუყარა საკენკად. 

ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მისი დაცვა ჩვენი ვალდებულებაა.

დემოკრატია არ არის არც ერთი ქვეყნის შიდა საქმე. ქართველი ხალხის მხარდასაჭერად დემოკრატიული მსოფლიოს არაერთი ლიდერი აკეთებს განცხადებებს.  ცივილური სამყარო ჩვენს გვერდითაა. 

მხოლოდ ერთობით შევძლებთ  წინ აღვუდგეთ რუსულ რეჟიმს! არ მივცეთ რუსული ტიპის მართველობის დამყარების საშუალება საქართველოში. არ დავუშვათ რუსული კანონის მიღების მცდელობა. 

სწორედ ახლა, იხსნება შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისთვის. დასავლური ქვეყნები ერთიანნი არიან მათ ბანაკში ახალი წევრების მისაღებად. ივანიშვილი ვერ შეძლებს საქართველოს ბელარუსიზაციას. საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ქართული ოცნების ბოლო ჟამი ახლოსაა. წინ არჩევნები გველის.